“სამართლიანი არჩევნების” იურისტის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს

“სამართლიანი არჩევნების” იურისტის ნინო რიჟამაძის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება გამჭვირვალედ, კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა წარიმართოს.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდეს, თუმცა გავრცელებული ჩანაწერი სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს და მნიშვნელოვანია, რომ თუ დადგინდება მისი ავთენტურობა და საფუძვლიანობა, ამ კომისიის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესს საზოგადოებისგან მაღალი ყურადღება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე წარიმართოს და ღია იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა.

შეკითხვაზე, რა ტიპის სამართალდარღვევა იკვეთება ჩანაწერში, ნინო რიჟამაძემ უპასუხა, რომ საუბნო კომისიების დაკომპლექტებისას აკრძალულია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ან მათთან კონსულტაციის საფუძველზე შეთანხმებულ პირთა სიიდან დანიშვნა.

„სახეზე შეიძლება იყოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა სამართალდარღვევები, რომლებიც შემდგომში მოკვლევისას თავად ადმინისტრაციამ უნდა შეისწავლოს“, – განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე,თუ როგორ აკომპლექტებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან.

banner
წინა სტატიაშიქართულ-გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების „მრგვალ მაგიდის“ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორები დაესწრნენ
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – სენატორი მაკკეინი მძიმე დღეებში მუდამ საქართველოს გვერდით იყო