“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით არჩევნები უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

“სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის -1,ხმის ფარულობის დარღვევის-3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის -1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 1, საარჩევნო დოკუმენტაციით ხმის მიცემის – 1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის-2 და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.

მარნეულის # მე-8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა, შემოიჭრა კენჭისყრის შენობაში და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ესროლა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული საგნები, მათ შორის, სავარაუდოდ, მარკირების სითხის შემცველი ბოთლი.

ზუგდიდის # მე-9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება უკვე აღენიშნებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.

ბაღდათის # მე-9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა.

ზუგდიდის # 61-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი შეჰყვა.

მარნეულის # 57-ე საარჩევნო უბანზე “კავშირი 21-ე საუკუნის” დამკვირვებელი გარკვეული დროის განმავლობაში საარჩევნო კაბინაში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ტელეფონით გადასცემდა.

მარნეულის # 63-ე საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია “მომავლის არჩევანის” დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის წევრებმა ვიდეო გადაღების წარმოების შესაძლებლობა არ მისცეს.

გარდა ამისა, მიხეილ ბენიძის განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, როგორიც არის არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, კომისიის წევრის მიერ ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება და მარკირების პროცედურის დარღვევა.

ამ დროისთვის “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 18 საჩივარი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების მიერ “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება
შემდეგი სტატია15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 22%-ს შეადგენს