სამართალდამცველებმა “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი დააკავეს

ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი დააკავეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც N15-ე საარჩევნო უბანზე მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ენმ-ს წევრი ვ.ხ. რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს. ამავე ცნობით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ უბანზე ვახტანგ ხვიჩია არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და გადასატანი ყუთის სიის წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და კომისიის თავმჯდომარე ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, ვახტანგ ხვიჩია მათი დამკვირვებელია და სრული უფლება ჰქონდა, სია მოეთხოვა. “ამ უბანზე 14 ისეთი პირია შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, რომელიც ჯანმრთელია და გადასატანი ყუთის მომსახურებას არ საჭიროებს. ყველა უბანზე ჩვენი მხრიდან სიის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა ასეთი რეაქცია”, – ამბობს წითლიძე. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირველად სწორედ ვახტანგ ხვიჩიას მიაყენეს.

banner
წინა სტატიაში,,არჩევნებზე კოორდინატორების მიერ ფოტოსურათებიანი სიის გამოყენება მიზნად ისახავს ნების გაკონტროლებას”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: საერთო პატრონი ყავთ -ჰაკიმ ფაშად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი და რუსეთი !