შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის
საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარებისა
და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის
ფედერაციის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული ვ.ა.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე,
ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას,
სპეციალური სკანერის საშუალებით, სხვადასხვა მოდელის 13 ცეცხლსასროლი
იარაღი და 9 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად
მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

















