“სამართალდამცველების თითოეულ გადაცდომას მიენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და მოჰყვება რეაგირება”

შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, 20-21 ივნისს პოლიციელების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

“გამოძიება არის ურთულესი პროცესი, გამოსაკითხია უამრავი მოწმე, ამოსაღებია ვიდეოჩანაწერები, რომლებითაც დაადგენენ თითოეული პოლიციელის გადაცდომის ხარისხსა და ვინაობას. რაც შეეხება აქციის მონაწილეებსა და მოძალადეებს, მათი იდენტიფიცირება ძალიან მარტივია და კვალიფიკაციის მინიჭებაც იოლი.

აქტიურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და შედეგიც გარდაუვლად დადგება. თითოეულ გადაცდომას მიენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და მოჰყვება რეაგირება”, – აცხადებს საბანაძე “კვირის პალიტრასთან”.

რაც შეეხება ბრძანების გამცემი და უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

“პასუხისმგებლობას ვიზიარებთ ღონისძიებაში ჩართული თითოეული ხელმძღვანელი პირი. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

15 000 კაცი იყო აქციაზე, აგრესიის დონე ყველასთვის ცნობილია. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან­, რომ ეს არ არის მძიმე შედეგი, ყველასთვის მძიმეა. თუ ვინმეს არ უნდოდა, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, უპირველესად ჩვენ ვიყავით, მაგრამ პასუხისმგებლობას, ვალდებულებასა და უპასუხისმგებლობას შორის ზღვარი აუცილებლად უნდა გავავლოთ. თუ ერთხელ და სამუდამოდ არ დავუსვამთ წერტილს ძალადობრივ აქტივობებს, შეუძლებელი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ვიმოქმედეთ ლეგიტიმურად. ვფიქრობ, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობა ზედმიწევნით და ზუსტად შეასრულა”, – განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოკვეთილია რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს აქტიურობისა და დესტრუქციული ქმედებისკენ
შემდეგი სტატიაანტიოკუპაციური სტიკერები სანქციების მიზეზი გახდა – “მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა