“სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით” – გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე

სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარებას საფრთხე ექმნება, თუმცა მოსახლეობამ დაინახა, რომ ეს სიცრუეა.

„საკრებულოს წინ გუშინდელ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ იხილა, რომ ოპოზიციის ერთი, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და რა თქმა უნდა ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა; დამთავრებული იმით, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია მონათლონ დანაშაულად. ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მინდა, მათაც კარგად იცოდნენ, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც ისინი წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-ევროკავშირს შორის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება
შემდეგი სტატიააჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს