სამადაშვილი – ვაპირებთ მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე ეს პროცესი გაგრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და მისი პარტიის მხრიდან არც არასდროს ყოფილა სხვა განწყობა, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიიღონ შეთანხმება, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„ნახავთ, რა იქნება მედიატორების მიერ დადებული წინადადება სავარაუდო შეთანხმებისთვის. როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოუწევს ისეთი შეთანხმების გაფორმება, სადაც ყველა მხარე ყველაფერს ცხადია, რომ ვერ მიიღებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან რიტორიკა, რომელიც ბრიუსელში ისმოდა, უჩენს განცდას, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ სურვილი, მოლაპარაკება რამე შედეგით დასრულდეს.

„ჩვენ ნამდვილად ვართ მომართული იქითკენ, რომ მივიღოთ შეთანხმება, მაგრამ ცხადია, არსებობს პრინციპული საკითხები და ამ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების რაიმე მონახაზი თუ არ შეიქმნა, პრობლემა იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გვესმის, ევროკავშირისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შეთანხმების გაფორმება, ამიტომ მივიღებთ მონაწილეობას შეხვედრებში იმ მიზნით, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე. მე ვფიქრობ, რომ ვიდრე მედიაციის პროცესი გრძელდება, როგორც ჩანს, ჩვენს მედიატორებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმებისთვის სივრცე არის. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაია დააკავეს
შემდეგი სტატიაგაიცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 წუთში!