სამადაშვილი – უკიდურესი უზნეობაა პატიმარზე დაცინვის ტონში საუბარი

უკიდურესი უზნეობაა პატიმარზე დაცინვის ტონში საუბარი. საუბარი ადამიანზე, რომელიც დატუსაღებულია – ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანონ იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარს საკუთარ თანაპარტიელებთან თუ თანამოაზრეებთან აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების თაობაზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ციხეში შესვლამდე სამადაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობა სახელმწიფოს გამოწვევაა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა შეხვედრისას საუბარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მის წამოსვლას, სალომე სამადაშვილი ამბობს: „არ მგონია, ჩემი მხრიდან პარტიის დატოვება დღეს აქტუალური თემა იყოს“.

„ჩემი სურვილია, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ვნახო, როგორია მისი მდგომარეობა. ვიცით, რომ მას აქვს გამოცხადებული შიმშილობა და პირველი საზრუნავი მისი ჯანმრთელობაა. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად მომენახულებინა საპატიმროში. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაციით სამართლებრივი დევნა ხორციელდება. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“ და გზა გახსნა, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ სვლა გაეგრძელებინა. დღეს ,,ქართული ოცნება“ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში. სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება, ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგა. ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან საუბარი იმაზე, თავად როგორ ხედავს მომავალს. გამოწვევა დადგა ქვეყნის წინაშე, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თანამედროვე ისტორიაში პირველად აღმოჩნდა საპატიმროში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავისუფლება მესამე პრეზიდენტს- ხელმოწერების კიდევ ერთი პლატფორმა
შემდეგი სტატია“მინდა გავიარო ახალი ანალიზები” – მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი ხვდება