სამადაშვილი – თუ ამერიკაც ჩაერთვება და გააძლიერებს ზეწოლას „ოცნებაზე“, ეს წარმატების გარანტია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, Freedom House-ის ანგარიში საკმაოდ მძიმე იყო, სადაც ქვეყანაში არსებული პრობლემები – კორუფციიდან დაწყებული დემოკრატიით დამთავრებული პირდაპირაა აღწერილი. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, როდესაც კანონის უზენაესობის ასეთი პრობლემაა, ფულის დაბანდება არასდროს არავის მოუნდება.

„საკმაოდ მძიმე ანგარიში იყო. პირდაპირაა აღწერილი ის პრობლემები, რაც ქვეყნაში არსებობს – კორუფციიდან დაწყებული დემოკრატიით დამთავრებული. გარდა ამისა, ძალიან ცუდია, თუნდაც ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოში ინვესტიციის განხორცილებას გეგმავს. ქვეყანაში, როდესაც კანონის უზენაესობის ასეთი პრობლემაა, ცხადია, რომ ფულის დაბანდება არასდროს არავის არ მოუნდება. ეს მხოლოდ ის კი არაა, რომ პოლიტიკური პრობლემები გვექნება, ეს გარემო ეკონომიკურადაც გვირტყამს. განსაკუთრებით იმ უმძიმესი ეკონომიკური გარემოს ფონზე, რაც დღესაა მსოფლიოში“, – განაცხდა სამადაშვილმა.

მან ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარლ მიშელის გეგმა მხოლოდ დასაწყისია, თუმცა „ქართული ოცნების“ ქცევის პირობებში ეს ინიციატივა ფრთებს შეისხამს, თუ არა გაუგებარია.

მანვე განმარტა, რომ აპრილიდან ამერიკის საგარეო და დიპლომატიური სამსახური გააქტიურდება და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას გაააქტიურებს.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მედიაციის პროცესი, რაც შარლ მიშელმა შემოგვთავაზა. მათ მიაჩნიათ, რომ შეთანხმების გარეშე ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ და ელოდებიან, რომ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ შეთანხმება შესაძლებელი გახდეს. მე ვფიქრობ, რომ აპრილიდან ამერიკის საგარეო სამსახური და დიპლომატიური სამსახური გააქტიურდება. მიშელის წინადადება, გეგმა ეს მხოლოდ დასაწყისია და „ქართული ოცნება“, როგორც იქცევა გაუგებარია, ფრთებს შეისხამს თუ არა ეს ინიციატივა. კონკრეტული ნაბიჯებს „ქართული ოცნებიდან“ ვერ ვხედავ. შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ უნდა იყოს?! ამერიკაც თუ ჩაერთვება და გააძლიერებს ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“ მე ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ ჩვენთვის წარმატების გარანტია!“ – განაცხადა სამადაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროპელი კოლეგები რეზოლუციის მიღებისგან თავს იკავებენ საქართველოში მიშელის ვიზიტია, თუმცა თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, მაშინ შემოვა ზეწოლის მექანიზმები.

„როდესაც ბატონმა მიშელმა თქვა, რომ საქართველოში, რომ ჩამოვედი თვალი ამეხილა ბევრ რამეზეო იგულისხმა, რომ მართლაც თვალი აეხილა. ასეთი მძიმე კრიზისი თუ იყო ქვეყანაში, მე ვფიქრობ, მას კარგად არ ესმოდა. მე გუშინ საუბარი მქონდა ჩემს ევროპელ კოლეგებთან ბრიუსელში და ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ იკავებენ რეზოლუციის მიღებისგან თავს, მიშელის ჩამოსვლაა. უნდათ, რომ ამ მედიაციის პროცესს შანსი მისცენ, რომელიც მიშელმა დაიწყო. თუ ეს პროცესი ჩიხში შევა, მაშინ რეზოლუციაც იქნება. უკვე შემოვა ზეწოლის მექანიზმები, როგორიცაა დახმარებებზე პირობითობის მექანიზმების ამუშავება და ინფრასტრუქტურა შეიქმნება იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მკაცრად მოაქციონ იმ ჩარჩოში, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ თავს დაიზიანებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაპეტრიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო