სამადაშვილი სენატორის წერილზე: დასტურია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მნიშვნელოვანი წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან.

სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე წერილის შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წერილში საუბარია საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის საკითხზე.

„რადგანაც ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მიღებული აქვს გახარიას სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას ამ წერილის შინაარსი გავაცნოთ. წერილის ავტორი არის სენატის წევრი როჯერ ვიკერი, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კომიტეტისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრი აშშ-ის სენატში, ფაქტობრივად იმ კომიტეტების წევრი, რომლებიც განაგებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარებისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. ის არის ჰელსინკის კომისიის წევრიც. ეს არის უმაღლესი ორგანო აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჰელსინკის კომისიის წევრი მიმართავს წერილით გახარიას. ხელისუფლებამ წერილი გადამალა, რადგან აღნიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილსა და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში.

სენატორი აცხადებს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების, ისეთების, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, წერილში, რომელიც გასული წლის დეკემბრით თარიღდება, სენატორი გიორგი გახარიას მოუწოდებს, უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემაში ცვლილების უზრუნველყოფა.

„სენატორი აღნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიის მხრივ და ეს იყო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, დაპირებული საარჩევნო სისტემის უკან წაღებამ და იმან, რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სამართლებრივ სასამართლო სისტემაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით, ფაქტიურად ქვეყანა ძალიან უკან დაწია და შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი.

სენატორი მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში, განიხილოს იმ ცვლილებების უზრუნველყოფა საარჩევნო სისტემაში, რომელიც დაუბრუნებს ქართველ ხალხს რწმენას საარჩევნო სისტემაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, წერილში საუბარია საქართველოში საარჩევნო სისტემის მიმართ უნდობლობაზე.

„ეს წერილი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანა შეჰყავს პოლიტიკურ ჩიხში, რადგან სენატორი საუბრობს სწორედ იმაზე, რაც დღეს მთავარი პრობლემაა ქვეყანაში – უნდობლობა საარჩევნო სისტემის მიმართ და ჩიხში შეჰყავს ჩვენი მომავალი ურთიერთობები აშშ-სთან.

სენატორი ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, თუ როგორ სურს, დაუჭიროს მხარი საქართველოს და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს მის ქვეყანასთან, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამისთვის აუცილებელია, ჩვენ გვქონდეს წინსვლა და პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით.

როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი, მსგავს წერილს წერს, ნიშნავს, რომ ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ინვესტიციები და უზრუნველყოს სამუშაო ადგილების შექმნა, მთავარ წინაღობად გვესახება ბიძინა ივანიშვილი და მათი ხელისუფლება.

მაინტერესებს, ამ მნიშვნელოვან წერილს ჰელსინკის კომიტეტიდან, კომიტეტიდან, რომელმაც უზრუნველყო მაგნიტსკის სანქციების აქტის მიღება, რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ. ეს წერილი ჩვენ მოგვაწოდეს, რადგან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობას კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ჰელსინკის კომისიის სენატორმა, როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია (სარია): პასუხის პასუხი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცილისწამებებს