სამადაშვილი: ქვეყნის ისტორიაში რაღაც მომენტი არსებობს, როცა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე

სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანა პოტენციურად სახიფათო პოლიტიკური კრიზისის წინ დგას, სალომე ზურაბიშვილმა სათანადოდ ვერ დააფასა შანსი, რასაც მას აძლევს ისტორია, როცა სწორედ მის ხელშია კონსტიტუციური უფლება და პრეროგატივა, შეწყალების გზით მიიღოს მონაწილეობა მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ხელიდან გაშვებული ისტორიული შესაძლებლობა.

„შარლ მიშელის ჩარევის შედეგად როცა მიმდინარეობდა პოლიტიკური მოლაპარაკებები, სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეწყალების უფლების გამოყენებას უკავშირდებოდა და ამით შეიტანა არც თუ მცირე წვლილი, ჩვენ შეგვძლებოდა შეთანხმების გაფორმება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის შესაბამისი გზის მოძებნა. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, როცა ქვეყანა პოტენციურად ბევრად სახიფათო პოლიტიკური კრიზისის წინ დგას, სალომე ზურაბიშვილმა სათანადოდ ვერ დააფასა შანსი, რასაც მას აძლევს ისტორია, როცა სწორედ მის ხელშია კონსტიტუციური უფლება და პრეროგატივა, შეწყალების გზით მიიღოს მონაწილეობა ამ მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძებნაში. ეს არის ხელიდან გაშვებული ისტორიული შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამის შემდეგ საუბარი, რომ პოლარიზაცია არსებობს ქვეყანაში, გარკვეულწილად ფარისევლობაა, თუ თავად არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ პოლარიზება განიმუხტოს.

ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მათ შორის ის პოლიტიკოსები ითხოვენ, რომლებიც მას არათუ პირადად ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ ჩვენება აქვთ მიცემული სასამართლოში მის წინააღმდეგ. ქვეყნის ისტორიაში რაღაც მომენტი არსებობს, როცა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, მათ შორის პერსონალურ დამოკიდებულებაზე მაღლა და საკუთარ თავში ძალა მოძებნო, ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, სწორი. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გამოიყენებს შეწყალების უფლებას, არ არის შემთხვევა, როცა მან შეძლო დემონსტრირება, რომ მისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენები და პირადი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი პარლამენტში შეუშვეს
შემდეგი სტატიათავისუფლება მიშას – ბანერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა გამოფინეს