“ძლიერი საქართველო -ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი მიმართავს „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს“ და მოითხოვს, გამოაქვეყნონ, რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე.
„მაინტერესებს, ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მოხდეს რაიმე სახის რეაგირება დასავლეთის ქვეყნებისგან, ევროკავშირისგან, აშშ-სგან და და შესაბამისი ორგანიზაციებისგან ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით. მეტიც, შეკითხვა მაქვს, საერთოდ, ვინ დარჩა დღეს საქართველოს მოკავშირედ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ ჯერზე ფეხ-ქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მსგავსი დიპლომატიური ლობირების განხორციელებისგან თავშეკავება მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. ხელშეკრულება „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.
















