სამადაშვილი – ლილუაშვილის განცხადება არ იყო ადეკვატური

„ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, ოპოზიციას მისცემოდა შესაძლებლობა, მოეწვია პარლამენტის საგანგებო სხდომა და ლილუაშვილი აღნიშნულ სხდომაზე დაბარებულიყო, რადგან ასეთ თავხედობას, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, ვფიქრობ, გარკვეულწილად შეეწინააღმდეგებოდა ოპოზიციის მხრიდან მისი დაბარება საგანგებო მოსმენაზე. იმედია, ამის შესაძლებლობა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნებამდე სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი განცხადება.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგომა სიტუაციას, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ ეს არის მთელი სისტემა. ლილუაშვილი არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სისტემა არის შესაცვლელი და დასანგრევი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, სუს-ის ხელმძღვანელს პერსონალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს ამ პროცესში. ცხადია, პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებას და რეფორმას, ცხადია, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ღარიბაშვილი ყოველ დღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს