სამადაშვილი – ყველაზე სწრაფი გზა „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების, არის ვეტოს დადება

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში პარლამენტის განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

როგორც სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროცესის შეჩერება ახლა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.

“პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები,რომელიც ძალიან ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ფაქტიურად შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, ნებისმიერი მექანიზმით უნდა შევაჩეროთ. კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება. ცხადია, გავაცნობ პრეზიდენტს ჩემს ხედვას. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ მსგავს ხერხს, საშუალებებს პროტესტის ჩასახშობად მიმართავენ ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიის სივრცე უბრალოდ არ არსებობს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის გასაფართოებლად და არა პირიქით.

ეს ცვლილებები კი, რომელიც ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე დაჩქარებული წესით მიიღეს, არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც აქ, პრეზიდენტის თანდასწრებით გავაფორმეთ. ცხადია, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვნახეთ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი შეფასებები. ამასთან, პრეზიდენტს აქამდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ თუ ის ჩათვლის, რომ ამ უფლების გამოყენება დემოკრატიის ინტერესებშია, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თუ რამე ცვლილებების ინიცირება უნდა “ქართულ ოცნებას”, მიმაჩნია, რომ ეს ხელმეორედ უნდა გააკეთოს, უნდა წარიმართოს ცვლილებები ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ფართო საზოგადოებრივი და ოპოზიციის თანამონაწილეობის პირობებში”,- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრები საჯაროდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან
შემდეგი სტატიადავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს