სამადაშვილი – ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელებს ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე – გეყოფათ ტყუილების საუბარი, გეყოფათ სიცრუე!

არ ვიცი იმ ხალხის სახელი და გვარი, ვინც ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე – „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“. გეყოფათ ტყუილების საუბარი, გეყოფათ სიცრუე, – ასე მიმართა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა “ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ძალადობის კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო.

„პირველ რიგში ბატონ კობახიძეს უნდა ვუთხრა – გუშინ ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს ვინც დაესხა, არ ვიცი ამ ხალხის სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია დღეს გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე. მე არ ვიცი, გუშინ ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა ვის ჰქონდა და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა. თქვენ წამოიწყეთ ეს ძალიან ბინძური, ძალადობის კამპანიაც. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქართველ ხალხს, რომელსაც უსინდისოდ ატყუებთ, ეტყვის, რომ ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს და თქვენს ხელისუფლებას, რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ეტყვის, რომ ევროკავშირი გადადის იმ რეჟიმზე, თქვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის და ივანიშვილზე ზეწოლის, რომელიც ევროკავშირს აქვს შერჩეული რუსი ოლიგარქებისთვის. ამ რეჟიმს ჰქვია სანქციების რეჟიმი და დღეს, როცა ყველა რუსი ოლიგარქი დაექვემდებარა სანქციების რეჟიმს, გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილისთვის ცხადია, არ უნდა არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილი არ არის ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავალი არიან ჩემი სტუდენტები. ჩვენ ვალდებული ვართ მათ წინაშე და მათი თაობის წინაშე, რომ რუს ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ პოლიტიკურ პროექტს, რომელიც არის ყველაზე დიდი ტყუილი და სიცრუე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში და „ქართული ოცნება“ ჰქვია, ჩვენ ვალდებული ვართ არ მოგცეთ უფლება, წაართვათ ამ ბავშვებს მომავალი.

და ბოლოს, რადგანაც ტრადიციებზეა საუბარი, ბატონ კობახიძეს რუსთაველის სიტყვებს შევახსენებ – „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, გეყოფათ ტყუილების საუბარი, გეყოფათ სიცრუე – ყველა თქვენი ტყუილი, ყველა თქვენი სიცრუე გამომჟღავნდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – გსურთ შექმნათ ყველა არგუმენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ – კობახიძემ დაიწყო ბინძური ფსევდო პატრიოტიზმი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?