21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

სამადაშვილი: ივანიშვილი ჩიხშია შესული და გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

სამადაშვილის შეფასებით, მდინარაძის გადადგომა მმართველი გუნდის შიგნით არსებული მძიმე კრიზისის შედეგია და ეს პროცესი ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პოზიციების დასუსტებისკენ არის მიმართული.

„ყველაზე სულელ და მიამიტ ადამიანსაც კი ვერ დააჯერებ, რომ მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. როგორც ჩანს, მას ისეთი პირობები წაუყენეს, რომ დროზე გაქცევა ამჯობინა, უფრო უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ივანიშვილი ჩიხშია შესული — ხედავს, რომ ქვეყანა აბსოლუტურ გამოუვალ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ის საკუთარ გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ ადგილი გაათავისუფლოს. ფიქრობს, ეგებ თვითონ მაინც ჰქონდეს შანსი, გამოძვრეს ამ ვითარებიდან და პოლიტიკის გადატვირთვა მოახდინოს. ამის ნიშანია ღარიბაშვილისა და კობახიძის გარშემო განვითარებული მოვლენები“, — განუცხადა სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ყველაზე საიმედო დასაყრდენი იყო, მისი ჩამოშორება კი კობახიძის გათავისუფლების წინაპირობაა.

„მხოლოდ მდინარაძის წასვლა არ მგონია, ეს უფრო ამ პროცესის დასაწყისია. კობახიძის გაგდების გარეშე ივანიშვილი ვერასდროს დაიწყებს გამოსავლის მოძებნას იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს არის შესული. მდინარაძე ყველაზე სანდო ლეიტენანტი ჰყავდა კობახიძეს და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს — ალბათ, მადლობელია, რომ არ დაიჭირეს, ჯერჯერობით.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, დაჭერებისა და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არის დაკავებული, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი“, — აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მისი განმარტებით, სამომავლოდ ძალების მოსინჯვას კერძო სექტორსა და ბიზნესში გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძის წასვლაზე: ახლა კობახიძის ჯერია
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: მდინარაძე დამამცირებლად გააგდეს — ის ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დგას