სამადაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს გაურკვეველია.

“პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში. თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ გახსოვთ, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს პარლამენტში ჩემი შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ როცა ბრიუსელში ჩავიდა ღარიბაშვილი და გააცნეს ჩამონათვალი პრობლემატური საკითხების, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მათ მოსაგვარებლად. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი და არანაირი პრობლემატური სია მისთვის არავის გადაუცია. თუმცა, ჩვენ ვნახეთ შედეგი. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი განაცხადი დამთავრდა ასე, როგორც დამთავრდა და უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდნენ ჩვენზე გაცილებით წინ, ხოლო საქართველოს ევროპული მომავალი დღეს არის გაურკვეველი,”- განაცხადა სამადაშვილმა.

წინა სტატიაშიCredit Suisse-ის ბანკირის თაღლითური სქემით, ივანიშვილმა $607 მლნ დაკარგა – Bloomberg
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – ფსიქიატრები შეისწავლიან, როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლების შექმნა, ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – „ტრიბუნალი“