სამადაშვილი: გამოჩნდება რა პოლიტიკური დაკვეთა მიიღო მოსამართლემ

„გამოჩნდება რა პოლიტიკური დაკვეთა მიიღო მოსამართლემ, მე ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ, ეს იქნება ძალიან აშკარა ნიშანი, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი ისევ წარმართოს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობისა და ფაქტობრივად მძევლად აყვანილი ადამიანების პირობებში. ვფიქრობ, რომ დღეს მელიას გათავისუფლება ხელს შეუწყობდა მოლაპარაკებების პროცესის წინ წასვლას, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკებებში საკუთარი თავმჯდომარის მიერ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე არ ველოდები, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობისა და სამართლის პრინციპებს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესში საბოლოო შეთანხმებას, თქვენ იცით, რომ არსებობს ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, გიორგი რურუას გათავისუფლება და ასევე, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იმ შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, დღეს თუ გათავისუფლდა ნიკა მელია, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგის დადებას დასჭირდება ფართო პოლიტიკური შეთანხმება ყველა საკითხზე,“- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელია – ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – ძალიან მალე უნდა მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი