სამადაშვილი – ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დღის წესრიგს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ორშაბათს წარადგენენ

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების პროცესი დღესაც გაგრძელდება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, კონსულტაციების შედეგად შემუშავებულ დღის წესრიგს ორშაბათს წარადგენენ.

„შედეგად წარვადგენთ იმ დღის წესრიგს, რომლითაც ჩვენი აზრით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა უზრუნველყოთ იმ 12 მოთხოვნის შესრულება, რასაც ევროკავშირი გვიყენებს წინაპირობად კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რა იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანუ მოიწვევენ თუ არა ამ სხდომას, შეიტანენ თუ არა დღის წესრიგში იმ რეალურ საკითხებს რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წავიდეთ, ეს „ქართული ოცნების” გადასაწყვეტია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, რომელსაც რეალურად სურს კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აპირებს, შეადგინოს კონკრეტული დღის წესრიგი საპარლამენტო სხდომებისთვის, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა.

„შევა ის საკითხები, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, რადგან ქვეყანას კომისიის შექმნა არ სჭირდება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გარდაიქმნას მართლმსაჯულების სისტემა. კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები არსებობს და ამ ინიციატივებს კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა და უმრავლესობის დეპუტატებმა კეთილი ინებონ და საკუთარი მანდატი გამოიყენონ ერთხელ მაინც ხალხის ინტერესების მხარდასაჭერად. კონკრეტულ დღის წესრიგს საპარლამენტო სხდომების საზოგადოებას ორშაბათს გავაცნობთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, კონსულტაციები იგეგმება მათ შორის პრეზიდენტთანაც, რომელმაც უნდა გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება სხდომის მოსაწვევად.

სამადაშვილი მმართველი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ და მერე დავწევთ ბარიერსო, ეს ფაქტობრივად არის უარი ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის ეს არის მიშელის შეთანხმების შესრულების კონტექსტში მიღწეული შეთანხმება. მსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, პირველი პუნქტი ევროკავშირის ჩამონათვალში სწორედ მიშელის შეთანხმების განხორციელებაა. როდესაც „ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ჯერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ და მერე დავწევთ ბარიერსო, ეს ფაქტობრივად არის უარი ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, იმიტომ, რომ როდესაც გეუბნებიან ჯერ უნდა შეასრულო პირობები და მერე მიიღებ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, პასუხი არ უნდა იყოს, რომ ჯერ სტატუსი მომეცი და მერე ვნახოთ, შევასრულებ თუ არა პირობებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორთვიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში მაინც დგას, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის