ვფიქრობ, აშშ-მ იმ გადაწყვეტილებით, რომ დაასანქციროს ივანიშვილის ერთ-ერთი „ლეიტენანტი“, ძალიან ნათელი გზავნილი მისცა ივანიშვილს, პირველ რიგში, იმის თაობაზე, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება იმუნიტეტი იმიტომ, რომ ის რაიმე ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს ჩვენ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.
სამადაშვილის თქმით, სტრატეგიულმა მოკავშირეებმა რეალურად ძალიან კარგად იციან, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და რა გავლენას ახდენს პროცესებზე.
მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია, ამ გადაწყვეტილებით (აშშ) მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს და მის შიდა წრეს.
„ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს შემდეგს, რასაც ჩვენ ვამბობთ მრავალი თვეა, რომ საქართველოს, ჩვენი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების მიზნით. ამას არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება და ეს დადასტურდა. ბიძინა ივანიშვილის „კლანის” ერთ-ერთი წევრი პირდაპირ ბრალდებულია აშშ-ს მხრიდან რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობაში. ჩვენ მრავალი წელიწადია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს გავლენას რუსეთი. ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით. მე მაინტერესებს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჩვენ ქვეყანაში, მაინტერესებს დღესვე დაიწყება, თუ არა გამოძიება მაგალითად, ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში. ჯერჯერობით მოვისმინეთ მხოლოდ ის, რომ თურმე 10 წელია ფარცხალაძე ოფიციალურ პოზიციას ჩვენ ქვეყანაში არ იკავებს, რაც საზოგადოების დაცინვაა. ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა არაფორმალური გავლენების გზით იმართება და ფარცხალაძე ამ სისტემის ნაწილია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.