სამადაშვილი – დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან

როცა დასავლელი პარტნიორები ამბობენ იმას, რაც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მათ უფლება არ აქვთ, მითითებები გასცენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ 2-პროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი, რადგან კელი დეგნანი არ არის თავად ექსპერტი“.

სამადაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან.

„როგორც ჩანს, ახლა გადავიდნენ კომპეტენციის სფეროშიც. ირაკლი კობახიძის მიმართ კითხვა მაქვს – შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს რომ აწერდა, მაშინ არ იყო საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი? რატომ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც შემდეგ კობახიძემ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და დღეს აღმოაჩინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს. საინტერესოა, რა შეიცვალა აპრილის შემდეგ, აპრილში იყო ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი თუ არა? თუ მას შემდეგ შეიძინა ისეთი კვალიფიკაცია, რომ დღეს საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ამერიკის ელჩს დაუწუნოს კომპეტენცია საკონსტიტუციო სამართლის სფეროში. მგონი, უკვე ეს ყველაფერი სასაცილოა. დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან. რაც სწრაფად შეცვლიან საკუთარ დამოკიდებულებას იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე აიღეს, ეს მით უკეთესია „ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ მათ ინტერესებშია, ის კონსტიტუციური პროექტი მიიღონ, რომელზეც შევთანხმდით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ოპოზიციას არავინ ემუქრება, რომ ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ
შემდეგი სტატიადაპირისპირება ქუთაისის მერიასთან – პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა