სამადაშვილი: ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა დოკუმენტში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, დოკუმენტში, რომელიც დღევანდელ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება წარმოდგენილი, კორექტირება იქნება შეტანილი, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.

ამის შესახებ სამადაშვილმა, ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის, შეხვედრის დაწყებამდე თქვა.

“მე ვფიქრობ, რომ ალბათ კორექტირება უნდა შევიდეს იმ დოკუმენტში, რომელიც იყო წინა ჯერზე მოლაპარაკებების საფუძველი, იმიტომ, რომ სამი პუნქტი ამ ხუთი პუნქტიდან შეიძლება ითქვას, შეთანხმებულია, შესაბამისად ალბათ, უფრო მარტივი იქნება 2 შეუთანხმებელ პუნქტთან დაკავშირებით რაიმე განახლებული წინადადებები განვიხილოთ”, – ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, მათთვის გადამწყვეტი სწორედ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხია.

“ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იყო უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე მაგიდაზე, ორი პუნქტი იქიდან ჩვენთვის მისაღები არ არის – პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამიტომ, ველოდებით დღეს რა იქნება ამ განახლებული პროცესის საბაზისო მოლაპარაკებების დოკუმენტში და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა მოლაპარაკებების დოკუმენტში”, – ამბობს სამადაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა იწყება. 14:00 საათზე დანიშნული შეხვედრა ჯერ 17:00 საათამდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდება
შემდეგი სტატიასამნიძე: კიდევ ერთი შანსია დღეს, რომ შევძლოთ შეთანხმება, ქვეყნის ბედია სასწორზე