სამადაშვილი – ამ პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლა საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე, რომელიც არსებობს

ბრძოლა ამ პოლიტიკურ რეჟიმთან საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე, რომელიც არსებობს, ეს არის როგორც ქუჩის დემონსტრაციები, ასევე ბრძოლა მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც მან საზოგადოებას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღებული და აუცილებელი ფორმა საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირებისთვის, თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლაში სხვა მექანიზმებიც გამოსაყენებელია, მათ შორის საპარლამენტო მექანიზმები და მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდის მიზნით.

“იმისთვის, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მივაღწიოთ შედეგს, გვჭირდება ხელისუფლებაზე იყოს მაქსიმალურად დიდი წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება რეაგირებს მწვავე პროტესტზე და მეორე მხრივ, ზეწოლაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხორციელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან საკუთარი აზრის დაფიქსირება მშვიდობიან დემონსტრაციაზე არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული და აუცილებელი ფორმა საზოგადოებრივი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მე ასე მესმის მისი გზავნილი, პირველ რიგში მისი მომხრეებისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ აქციებში, რომელიც იგეგმება 21 დეკემბერს.

ლიდერებს შეუძლიათ მოუწოდონ საზოგადოებას როგორ იბრძოლონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოება თავადაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იბრძოლოს. მიმაჩნია, რომ ბრძოლა ამ პოლიტიკურ რეჟიმთან საჭიროა ყველა ფრონტის ხაზზე, რომელიც არსებობს, ეს არის როგორც ქუჩის დემონსტრაციები, ასევე ბრძოლა მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში, ასევე მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ წნეხი გაიზარდოს ხელისუფლებაზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ხედვა, რის გაკეთებას აპირებს, როცა ხელისუფლება შეიცვლება.

“ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი ბრძოლაში, მაგრამ ოპოზიციის ერთიანობა არ ნიშნავს, რომ წაიშალოს ზღვარი სხვადასხვა პარტიას შორის, რადგან ჩვენს შორის არის განსხვავებები, რაც არის სწორედ სიძლიერე, რადგან ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა იყოს. განსხვავებები უნდა იქნას შენარჩუნებული, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ საერთო პოლიტიკურ ხედვაზე, რადგან შემდეგი ხელისუფლება ქვეყანაში იქნება კოალიციური ხელისუფლება,”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი ორმაგ კომპენსაციას მიიღებს – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულ დიმიტრი დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა