სალომე ზურაბიშვილს მანდატი დემოკრატიულად არ მიუღია video

ეს იყო განსაკუთრებულად მძიმე არჩევნები და სალომე ზურაბიშვილს მანდატი დემოკრატიულად არ მიუღია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ფაქტია, ეს ადამიანი დაჯდება რომელიღაც რეზიდენციაში და კონტაქტში იქნება. ანუ, რეალობას ჩვენ ვერ ვცვლით, მაგრამ რომ ვთქვათ, ვერ ვხედავთ, ეს პრეზიდენტი არ არსებობს და ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი გვყავს, ჩვენ ბაქრაძე, ვიღაცას ვაშაძე და ა.შ. ან, თუნდაც ვაშაძე, რომელიც მეორე ტურში იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ამომრჩევლებს უპასუხისმგებლოდ ვექცევით, ან არარეალურ ამოცანას ვუსახავთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, დღეს, ამ ვითარებაში, როცა არჩევნები ასეთი განსაკუთრებული დარღვევებით ჩატარდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს საერთო ამოცანა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„დღეს, აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ლაპარაკი, რომ ვაშაძეა პრეზიდენტი და არა ზურაბიშვილი. უბრალოდ, საკითხის ასე დაყენება საზოგადოების მიმართ არასწორი იქნება. საკითხის ასე დაყენება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გამოყენებისთვისაც არასწორი იქნება. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ რეალურ ამოცანაზე და იქ ყველას თანამშრომლობა აუცილებელია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში სისტემის ისე დესტაბილიზება, რომ უმრავლესობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თანახმა გახდეს ისე, რომ კონსტიტუციური ფარგლებიდან არ გავიდეთ და რას შეიძლება ფიქრობდეს „ევროპული საქართველოს“ სიტუაციური მოკავშირე, „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პანაცეა არ არის, თუმცა, მოთხოვნა ლეგიტიმურია.

„ოღონდ, უნდა ჩატარდეს პროპორციული. მთავარი არის პროპორციული. ვადამდელს როგორ მივაღწიოთ, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰკითხეთ. ჩვენ ერთ ოპოზიციურ მხარეს ვართ, მათ შორის, სხვა პარტიებთან ერთად. უბრალოდ, ორივე პროპორციულს ვითხოვთ და დანარჩენი, ჯერ პროცესიც არ დაწყებულა, ხომ?! ისინი ითხოვენ პროპორციულს და ვადამდელს. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პროპორციულზე და ამას ხელისუფლებაზე ზეწოლით უნდა მივაღწიოთ. ხელისუფლებას ზუსტად ასე არ უნდოდა კომისიის შექმნაც, მაგრამ მოუწია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორი იქნება „ევროპული საქართველოს პოზიცია, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნებია და რადგან ეს მთავარი პრიორიტეტია, შეიძლება, კონსტიტუციურ ჩარჩოსაც გავცდეთ, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ კონცენტრირება საერთო ამოცანაზე უნდა მოახერხოს და არა განსხვავებებზე.

 

https://youtu.be/p0fpdhU5unQ

 

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: 2018 წელს ჟურნალისტთა დევნა გრძელდებოდა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – 16 დეკემბრის აქციას არ ვუერთდებით