სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, კანაფის კულტივაციის პროექტის პარლამენტიდან გაწვევა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პრინციპული მოთხოვნის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ პარლამენტიდან ეს პროექტი გაწვეული იყოს.

„როგრც იცით, საზოგადოების და ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებისთანავე პარლამენტმა შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ მაშინვე დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ამასთან დაკავშირებთ. მაგრამ დღეს, როდესაც ამ პროექტს მიეცა სხვადასხვა კონოტაცია და მათ შორის გადამწყვეტი იყო ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, „ქართული ოცნების“ გუნდთან შეხვედრისას პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და მას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გაწვეული იყოს ეს პროექტი პარლამენტიდან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან. როგორც იცით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა პატრიარქს და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ იქნა განხილული და დადასტურებული. გუნდის სახელით გიდასტურებთ, რომ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია მარიხუანის მოხმარების ახალ რეგულაციებზე – „ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში“
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობის პროცესი გრძელდება