სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველო – სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2019 16:24

სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველო – სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა

სომხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა.

არმენ სარქსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც არმენ სარქსიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები და ისტორიული მეხსიერება. განვავითაროთ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი, შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება, ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არმენ სარქსიანს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი აქვს.

პრეზიდენტებმა საქართველო – სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს. საქართველო აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს.

ამასთან, მზაობას გამოთქვამს კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხარდაჭერის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო – სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.

მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების პოტენციალის გამოყენება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2019 16:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics