სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტისას, ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიაგო პატივი ანტაკალნისის სასაფლაოზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას.

დათიკო მაჭავარიანი 1918-1921 წწ–ში მონაწილეობდა ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ.

1921 წელს მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან XI წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალ საქართველოს მთავრობას დათიკო მაჭავარიანი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებით გაჰყვა და პოლონეთში, ქალაქ ვილნოში ცხოვრობდა, მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში.

პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.

დათიკო მაჭავარიანი 1932 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.

დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე (ანტაკალნე), ლიეტუვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად.

banner
წინა სტატიაშიამართლებს ანდაზას, ქუდი რომ შეუგდო „ქართული ოცნებაში“ არავინ არ შედის – გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ ახალი სახეების მოზიდვის სტრატეგიაზე
შემდეგი სტატიახელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს?-გია ხუხაშვილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობზე საუბრობს