სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და პარტნიორებს დაუჯეროს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„პოლიტიკურად მორჩილმა სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი და საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შესვლა ნიშნავს იმას, რომ დაუკარგავს ნდობას არჩევნებს და მის შედეგებს როგორც ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს.

„უკვე კეთდება განცხადება როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე ამერიკის კონგრესიდან, პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს გიორგი რურუა. მოუწევთ გათავისუფლება და ეს რაც უფრო სწრაფად გაკეთდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

ქვეყანას ელახება პოლიტიკური სახე. ეს მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში აღრმავებს სიღარიბეს. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილების, ანუ, პოლიტიკური დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, დაუჯეროს პარტნიორებსა და იმ ქვეყნებს, რომელთაც პანდემიის პირობებში 5 მილიარდი ლარის დახმარება გაუწიეს ქვეყანას და შეიძლება, კითხვის ნიშანი დაესვას ამ დახმარების სრულყოფილად გამოყოფის საკითხს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, რურუას გათავისუფლების იურიდიული მექანიზმი შეწყალება ან სტრასბურგის სასამართლოა.

„ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის მთავარი მოთხოვნა. იურიდიული მექანიზმი არის ორი – შეწყალება ან სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგი არის გრძელი გზა, რაც არჩევნებამდე ვერ მოესწრება. არჩევნების პროცესში შესვლა პოლიტიკური პატიმრით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას.

კვალვ გაგრძელდება განცხადებები დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, იგივე თქვა დიპლომატიური ენით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. დიპლომატის ნათქვამი, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება და შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა.

თუ ამას ივანიშვილი ვერ ხვდება, მიახვედრებენ. ივანიშვილი მაშინ ხვდება, როცა საფრთხე მის ჯიბეს დაემუქრება და ამას გრძნობს. ეს რომ არ ეგრძნო, დღეს ციხეში იქნებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. მოუწევთ, გიორგი რურუას გათავისუფლება, მაგრამ ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს. ეს დროულად გააკეთონ და ამის მექანიზმია შეწყალება“, – განაცხადა რომან გოცირიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ყველა რეგიონში დავაყენებთ კანდიდატებს