სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა.

თამარ ღვამიჩავა დაიბადა 1981 წელს გორში. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამარ ღვამიჩავას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, 2010-2011 წლებში Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში, 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი – ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისათვის, 2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები. 2002 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თავდაპირველად იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან – ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი, პარალელურად, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში.

2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. 2006 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მეცნიერთა რუსეს კავშირის ჟურნალსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში, არის ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, გამოცემული აქვს პროფესორ მაია კოპალეიშვილის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.

2020 წლის 22 ივლისს თამარ ღვამიჩავა დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

banner
წინა სტატიაშითუ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ამაში ცუდი და ცინიკური არაფერია – კილაძე აბაზოვზე
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება