სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანიის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და უმძიმესი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.

„საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან გამოსცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-1993 და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით.

პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
შემდეგი სტატია„ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე, ოღონდ ინსტიტუციონალურ ფორმატში, ანუ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე – ჯაფარიძე