სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 1, 2019 13:47

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა

აზერბაიჯანის კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ აღიარებს, ამ თემაზე აზერბაიჯანელ მეგობრებს ვესაუბრებით და ვნახავთ, რამდენად შეიძლება საკითხის წინ წავა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას აღიარებს.

„ადგილობრივებთან შეხვედრაზე დიდი სიამოვნება მივიღე. აქ არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა თავის დროზე, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ალბათ, უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა. მიხარია, რომ დღეს საშუალება მომეცა, ვნახო, როგორ ცხოვრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, არის ორმაგი მოქალაქეობა. ვიცი, რომ აქ, აზერბაიჯანში სხვა კანონმდებლობა არსებობს, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას არ აღიარებს და ჩვენც დიდხანს ასე ვიყავით.

ახლახან, ჩემი არჩევის დღეს, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც უკვე აღიარებს ამ შესაძლებლობას. ეს არის სიახლე, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრებით აზერბაიჯანელ მეგობრებს და ვნახავთ, რამდენად შეიძლება საკითხის წინ წავა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული კულტურის, ენისა და იდენტობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის არამხოლოდ ოჯახს, არამედ პედაგოგებს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა კახში შეხვედრაზე პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ენა, კულტურა, იდენტობა. ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რადგან ემიგრაციაში გავიზარდე, უცხო ქვეყანაში, საქართველოდან ბევრად შორს, ვიდრე თქვენ. ვიცი, რას ნიშნავს საკვირაო სკოლა, პატრიოტიზმით გაჟღენთილი საკვირაო ლექსები. ჩემი თავი გამახსენდა, როცა ამ ბავშვებს ვუყურებდი. ეს თქვენი დამსახურებაა. ეს იწყება ოჯახში და არის ძალა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ პედაგოგებს. ერთია ოჯახი, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია პედაგოგი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტმა კახში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ სურს ისეთი დაპირებების გაცემა, რომელზეც არ იქნება პასუხისმგებელი.

„არ მსურს ისეთი დაპირებები გავცე, რომელზეც არ ვიქნები პასუხისმგებელი. შემიძლია, მხოლოდ ერთ რამეს დაგპირდეთ, თქვენი თხოვნა, ტკივილი და სურვილი იქნება მოსმენილი და პასუხგაცემული. ეს ეხება ეკლესიის საკითხსაც, აუცილებელია, სადაც არსებობს ქართული ეკლესია, ყველგან შესაძლებელი იყოს წირვის აღვლენა.

ერთი ძალიან პატარა ეკლესია გვქონდა პარიზში, რომელიც ერთადერთი ქართული ეკლესია იყო თავისუფალ მსოფლიოში. ამ საკითხზე პატრიარქს აუცილებლად დაველაპარაკები, თუმცა მან თავად იცის, თქვენ იცით, რამდენად მტკივნეულია საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები. პრეზიდენტისთვის, რომელიც საზღვრებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველია, ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 1, 2019 13:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics