„სალომე ზურაბიშვილისთვის ეს არჩევნები „პატრიოტთა ალიანსმა“ მოიგო“

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაიშვილისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ მოიგო.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, არჩევნების შედეგები პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა, თავად აქტივობის ზრდა კი სამმა კომპონენტმა.

„აქტივობა მეორე ტურში ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე პირველში, რაც პარადოქსია. აქტივობის გაზრდა მუშაობდა ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. დამატებითი ელექტორატი სამი ძირითადი სეგმენტისგან შედგებოდა: ქართული პოლიტიკური ელიტის ულტრაკონსერვატორებისგან – ძირითადად „პატრიოტთა ალიანსი“ და მათი ელექტორატი მყავს მხედველობაში. ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს არჩევნები მოიგო „პატრიოტთა ალიანსმა“. მეორე სეგმენტი იყო ის ამომრჩეველი, რომელთაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ უფრო მეტად არ უნდა სადიზმის დაბრუნება ქვეყანაში. მათი გამოღვიძება წინა ტურში ვერ მოხდა. მესამე კი გახლავთ საკამათო ინიციატივა, რომელიც მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება პირადად ბიძინა ივანიშვილს საბანკო „შავ სიებთან“ დაკავშირებით. ამ სამმა კომპონენტმა განაპირობა აქტივობის გაზრდა და მოხდა ის, რაც მოხდა“,– განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ „10–ჯერ უფრო ძვირი გადაიხადა, ვიდრე ეს ყველაფერი [უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტის მანდატი] ღირს“.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ახალი არაფერი მომხდარა:

„მიმდინარებდა ისე, როგორც მიჩვეულები ვართ – იყო ადმინისტრაციული რესურსის ზღვარგადასული გამოყენება და ეს ხდებოდა ყველა ხელისუფლების პირობებში. განსაკურებული ამ ხელისუფლებას არ მოუგონია. მიჩვეულები ვართ. ერთადერთი, ჟურნალისტები ზიანდებიან“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 56.23% შეადგინა, 1974845 ამომრჩეველია. მათ რიცხვში არ შედის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების მონაცემები. პირველ ტურში აქტივობა 46.74% იყო, რაც 1637956 ამორჩეველია.

ცნობისთვის: 2 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგე4ბით არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილი იმარჯვებს. კერძოდ, „Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 17:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს – 45%.

banner
წინა სტატიაშიქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი დანაშაულიდან რამდენიმე საათში თურქეთში დააკავეს
შემდეგი სტატიაავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოს პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს !