,,სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლი უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო „ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს  სალომე ზურაბიშვილისთვის გაკეთებულ უკანონო შემოწირულებად განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, „ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლი კი, რომლითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისრეიტინგი, ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, „გამჭვირვალობა“სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„28 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას გააცნო კვლევითი ცენტრის „ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. რამდენიმე მსგავსი საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოაქვეყნა. ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის -სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.

აღსანიშნავია, რომ „ფსიქოპროექტს“ კვლევა უშუალოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს გამოიკვეთა საარჩევნო უბნების გარეთსალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების მაღალი კონცენტრაცია. მათთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი „ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურების და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული, ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები „ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც, ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს.

მივმართავთ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

„ქართულ ოცნებას” და ალომე ზურაბიშვილს, თავი შეიკავონ ისეთი თანამშრომლობისგან, რომელიც შესაძლო კანონდარღვევას წარმოადგენს, ასევე, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ორი ხარჯის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: პასუხი ქართულ ოცნებას და მის ლიდერშიფს მოთხოვეთ
შემდეგი სტატიამარიხუანას მოხმარება – პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა