სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომაც, მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 12:23

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომაც, მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე არ მიგვიღია, ამიტომაც, მე ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ განცხადებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ემიჯნება თუ არა ან იზიარებს თუ არა „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რუსეთი არის აგრესორი, მან განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

„მოგახსენებთ ჩემ პირად აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში და მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე.

„აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიოს თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოისმინა განცხადება, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს და ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე.

„მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორების ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იან წლების დასაწყისშივე, მაშინ, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა ეს არის მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შეფასება.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან.

„ეს არის ჩემი შეფასება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეფასება. რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ მათ აქვთ აღებული ვალდებულება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ისევე, როგორც ამას ითვალისწინებს ეს საერთაშორისო შეთანხმება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 9, 2018 12:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics