სალომე ზურაბიშვილის განცხადება პატრიარქის გუშინდელი განცხადების პათოსს სრულად შეესაბამება

სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება პათოსს, რომელიც პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში იყო ასახული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ეკლესიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონკრეტულ განცხადებებზე იყო საუბარი. მისი განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში იყო ასახული. ჩვენთვის ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებასა და პოზიციას, რომელიც საპატრიარქოს მხრიდან გვესმის. ერთ-ერთი, რაც ოპონენტებისგან განგვასხვავებს, ეს არის. ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც როგორც საზოგადოებას, ასევე ეკლესიას უსმენს. ამით ჩვენი ოპონენტებისგან განვსხვავდებით. ოპონენტები ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში დაკავებული არიან ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებითა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს მათი ხელწერაა, ჩვენი ხელწერა ამისგან რადიკალურად განსხვავებულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმაზე, რაც არჩევნებისადმი ეკლესიის პოზიციას არ ასახავს

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რაც არჩევნებისადმი ეკლესიის პოზიციასა და დამოკიდებულებას არ ასახავს. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ სათანადოდ და ძალიან სწორად იყო ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა: „არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი, ასევე ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი.“.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას მოხმარების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა