სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით – გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების“ მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მთლიანად ჩამოუშალა „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე.

„ყველა თემას შეეხო, განსაკუთრებით მათ მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს, თურმე ვიღაცები ქვეყანაში, თუ საზღვარგარეთ ომის მომხრეები არიან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მთლიანად ჩამოუშალა „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, ამხილა იმაში, რომ არ უდგას ხელისუფლება უკრაინას გვერდით. ჯუჯა სახელმწიფო, ლუქსემბურგი უსმენს ზელენსკის პარლამენტშიო და ამ პარლამენტში ჩაუკეტეს კარები და საშუალება არ მისცეს, უკრაინის პრეზიდენტისთვის მოგვესმინა. თავდასხმები მეგობარ სახელმწიფოებზე, ელჩებზე, ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრებზე მაშინ, როცა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას მისი სიტყვებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა პირადი ძალაუფლება და ფინანსები შეინარჩუნოს, ეს გავიგეთ ამ განცხადებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და შეწყალებასთან დაკავშირებით ასევე ამბობდა უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით და ეს არ ნიშნავს, რომ ასე შეიძლება მოხდეს. ამასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი განცხადება ნიშნავდა, რომ ქვეყნის სირცხვილია პრეზიდენტის წამება და ფაქტობრივად, თანახმაა, ექიმების დასკვნის საფუძველზე გადაყვანილ იქნას უცხოეთში სამკურნალოდ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებებიდან ჩანს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი მომწიფებულია და გოცირიძის თქმით, თუ სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

„რაც შეეხება გვარამიას, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დაკავება მოხდა უდროო დროს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და მთავრობას შეუძლია მანიპულირება სასამართლო სისტემის. ამით ამხილა ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე. გვარამიას შეწყალებაზე მას არ უსაუბრია, თავი აარიდა, მაგრამ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, ჩემი აზრით, არის მომწიფებული და თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სწრაფად, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ნუ გააჯანჯლებს, ნუ გაიმეორებს იმას, როცა უგულავას და სხვათა შეწყალება მოუწია საგარეო ზეწოლის შედეგად, ნუ დაელოდება დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზეწოლას, გამოიჩინოს დამოუკიდებლობა.

და ბოლოს, ჩვენ ვიცით მასზე სეზონური თავდასხმების შესახებ. ახლა საზაფხულო თავდასხმები დაიწყება. გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომა-ზამთრის თავდახმებისას თავს იმართლებს და ჩერდება ქალბატონი სალომე. მხოლოდ სიტყვები არაა საკმარისი, საქმეა საჭირო. ახლა უნდა მოაყოლოს საქმე. და კიდევ, როცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დროშა ვერ დაკიდენ – ქუთაისურად, ასე გამოდიოდა – ვუთხარი პარლამენტში, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს დროშა გადმოჰკიდეთ და სიმბოლურად დაუჭირეთ მხარიო და დროშა ვერ გადმოკიდეს, ამისგან თავის შეკავება ნიშნავს იმას, რასაც ამბობენ ევროპაში და რაც განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ორი დღის წინ, რომ ევროპაში ეჭვი აქვთ ქვეყნის ორიენტაციის შესახებ. ორბიტას იცვლით, ევროპას სცილდებით, რუსეთისკენ მიდიხართო – ამაზე გასაგებად რა უნდა გითხრას ევროკავშირის ელჩმა და საქართველოს პრეზიდენტმა – დროშა ვერ დაკიდეთო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ
შემდეგი სტატიაშავი ზღვის სანაპიროებზე სამხედრო ტექნიკის გამოყენების შედეგად მოკლული დელფინები ირიყებიან – მკვლევარები