სალომე ზურაბიშვილი: ვერ წარმომიდგენია უკრაინას უღირდეს სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2020 21:16

სალომე ზურაბიშვილი: ვერ წარმომიდგენია უკრაინას უღირდეს სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა

ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა, შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში არის აღნიშნული.

„საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი – საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კოროფციულ დანაშაულებშია ბრალდებული.

დღეს შექმნილ ვითარებას განიცდის ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნების ისტორიასა დაერთად გავლილ უმძიმეს გზას პატივს სცემს და ვისაც აღელვებს ჩვენისტარტეგიული მეგობრობის მომავალი. მათ შორის ვარ პირადად მე – საქართველოს პრეზიდენტი და ჩემთან ერთად არის საზოგადოების უმრავლესობა.მოვლენების ასე განვითარება კი მხოლოდ მათ შეიძლება სურდეთ, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ურყევ მეგობრობაში ბზარის გაჩენა აწყობთ.

მე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რამეთუ უკრაინასა და საქართველოს არამარტო საუკუნოვანი მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებთ, არამედ ახლო წარსულში ერთდროულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მშენებლობის გზა და საერთო მიზნები: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეკონომიკური გეგმები, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის გამყარება და რეგიონალური როლის დამკვიდრება, – რაც კორონავირუსის გამოწვევის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩანს. ყველაზე მთავარი, რაც ქართველებსა და უკრაინელებს გვაერთიანებს, ესაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად მიმართული ჩვენი სოლიდარობა და ერთობლივი ძალისხმევა. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან – უკრაინა.

პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება.

მე ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ვარღვევთ, თუნდაც, კორონავირუსთან მიმართებით აუცილებელ სოლიდარობას, რომელიც ახლა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს აერთიანებს. ვწუხვარ იმ დაკარგული დროის გამო, როცა ჩვენ – ორ ქვეყანას ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირისთვის წარსადგენ საერთო გეგმებზე უნდა გვემუშავა. ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“, – აცხადებს პრეზიდენტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2020 21:16

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics