სალომე ზურაბიშვილი – ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც მხარეებს შორის იყო შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე

მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია განცხადება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ისეთი რაღაც იყო დათმობილი, რამაც ქვეყანას შესაძლოა, ზიანი მიაყენოს.

„დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს“, – განაცხადა ზურაბიშვილი.

ამასთან, პრეზიდენტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის შეთანხებაც შესრულდება.

„გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა. ამ დოკუმენტი შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას