ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას, ქმედებები, რასაც მთელი დღეა ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.
“მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას” – დაწერა ზურაბიშვილმა ფაქტის კომენტირებისას. მისი თქმით, მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტს, როგორც „საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას“.
„ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას. ასეთი ქმედებები, რასაც დღეს მთელი დღე ვუყურებთ, მკაფიოდ გვანახებს, თუ როგორ აწუხებს რეჟიმს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი.
მსგავსი პროვოკაციები კი მიზნად ისახავს ამ პროტესტის გაჩერებას და იმ ძალის დისკრედიტაციას, რომელიც დღეს ზუსტად გამოხატავს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას და რომელიც გუშინაც კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა.
მხარს ვუჭერ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ჩვენი საზოგადოების სიმწიფისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას.
მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაგრძონ მშვიდობიანი პროტესტი, რადგან მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზანს ბოლომდე”,- წერს ზურაბიშვილი.

















