საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით facebooklive-ში ისაუბრა და დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს მოუწოდა, არ დახუჭონ თვალი და არ შეეგუონ ყველაფერს.
მისი თქმით, ცალკე საკითხია, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობის კუთხით სინთეტიკური ფორმები და რატომ არ მიეცათ მშობლებს არჩევანი, რომ პროდუქცია სხვაგან ეყიდათ ან თავად შეეკერათ.
„კორუფცია ამ შემთხვევაში ალბათ არის, იმიტომ რომ ყველაფერში არის. აქ მიუღებელი ის არის, თუ რატომ უნდა შეიკეროს ფორმები ჩინეთში. თუ ფორმები საჭიროა, ნუთუ სამკერვალოები აღარ არის საქართველოში? ნუთუ არ გვინდა, რომ ხელი გავუწოდოთ სწორედ იმ კომპანიებს, სადაც ქართველები მუშაობენ და ამით მაინც დავეხმაროთ ვიღაცას?
რატომ არ უნდა იყოს ეს მშობლების თავისუფალი არჩევანი — მივცეთ მოდელი და ყველამ შეიკეროს, ბევრს შეუძლია ჯერ კიდევ, თვითონ შეიკეროს ფორმა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ევროპის საჯარო სკოლებში ასეთი პრაქტიკა იყო მიღებული: თუ ფორმა სავალდებულო გახლდათ, მშობლებს ჰქონდათ არჩევანი, თვითონ შეეკერათ ან ეყიდათ, ყოველ შემთხვევაში — არა უცხო ქვეყანაში.
სხვა საკითხია, რა ხარისხისაა ეს სინთეტიკური ფორმები და რამდენად მისაღებია ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების კუთხით, ესეც გასარკვევია. მე მშობლებს მოვუწოდებდი, რომ ამაზე არ დახუჭოთ თვალი და არ შეეგუოთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან, რასაც გთხოვენ და რისთვისაც კიდევ ერთხელ გემუქრებიან ჯარიმებით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


















