სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში – ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინაციაც რუსეთს ყოველთვის სურს, ეს რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო.

და რუსეთი საქართველოსთან, ასევე რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ახალ სტრატეგიას ცდის, რომელიც ამ ქვეყნების გაყალბებული არჩევნებით მოგებასა და ადგილზე მარიონეტი რეჟიმებს დანიშვნაში მდგომარეობს და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმი სურთ.

და ეს იქნება კითხვა [აშშ-ის] შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იყო, საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, ვინაიდან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – ენერგეტიკის მარშრუტებს, სავაჭრო მარშრუტებს, ცენტრალურ აზიამდე გზას, და ქვეყანაა, რომელიც არსებითად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების ციხესიმაგრე იყო.

საქართველო, სომხეთთან ერთად, – ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, – მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. და ჩვენ ვიყავით დემოკრატიის ციხესიმაგრე ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერა სჭირდება.

ხალხი 53 დღეა ქუჩაშია და აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც არ აქვს მანდატი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს მის ევროატლანტიკურ გზას. სწორედ აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა. არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ხვალ პრეზიდენტი ტრამპი იქნება, მითხრა, რომ ის ნამყოფია საქართველოში და აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება საქართველოსთვის იმ დროს, როცა საქართველოს ეს სჭირდება, როცა საქართველო ამერიკელების გონებაში უნდა იყოს”- დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ომის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ასევე ეხება შავ ზღვას, და მათი მცდელობა, გააყალბონ არჩევნები რუმინეთსა და მოლდოვაში, ასევე შავი ზღვის ინტერესებზეა მიმართული.

საფრთხე ეხება არა მხოლოდ კავკასიას – ეს შავი ზღვის საკითხიცაა. რუსეთის აგრესიული ომის მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ასევე ეხება შავ ზღვას, და მათი მცდელობა, გააყალბონ არჩევნები რუმინეთსა და მოლდოვაში, ასევე შავი ზღვის ინტერესებზეა მიმართული. ეს ძალიან სტრატეგიული ზღვაა აშშ-ის ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი პორტები შავ ზღვაზე, რომლებიც შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს – ეს არის დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობის გეგმებში. ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესები, ევროპულ ინტერესებთან ერთად, რომლებიც საფრთხის ქვეშაა ამ რეგიონში”- თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძალიან მალე, მადურო და ივანიშვილი ასადის მეზობლები იქნებიან მოსკოვში -უილსონი
შემდეგი სტატიამეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა