სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს.

სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს.

დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე წაიკითხავს საჯარო ლექციას – „საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.

19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს გუშინ ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე სტუდენტებთან და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრით დაასრულა.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ეწვევა.

banner
წინა სტატიაში„გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე!“ – ადვოკატები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აანონსებენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა