სალომე ზურაბიშვილი : სამწუხაროა, რომ მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოს ეს მსგავსი კონფლიქტებია

ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ჩვენთვის, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში.

„თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს კონფლიქტები ალბათ ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას.

როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, აღიარებული არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.

ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.

ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბატონო ბიძინა, ჩვენი ფაბრიკის გაჩერების მიზეზი, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ხელისუფლების განაწყენებაა – “ომეგას” თანამშრომლები
შემდეგი სტატიაფოთში მოვაჭრეები დახლებისგან გზის გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ