ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით, ასევე, იმ ქართულ ბიზნესზე, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო, რომ მისი ბედი არის დაკავშირებული ამ ქვეყანასთან და არა – რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება, რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს.
„როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, ვთქვა, სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, შეიძლება, ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს, არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს“.
„ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე. პარტნიორები უყურებენ და აღფრთოვანებულები არიან იმით, რა შემართებითაც არის საზოგადოება, არ უშინდება რეპრესიულ ზომებს. ბრძოლა გრძელდება ყველგან. ჩემთვის, მაგალითად, გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვო, უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია. ჩვენ გვაქვს ბევრი მხარდამჭერი განცხადება საზოგადოების მიმართ, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კვალიფიკაცია, რომ ეს არის უკვე რუსული ყაიდის დიქტატურა, ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს. პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და რასაც ჩვენმა პარტნიორებმა შეიძლება, დაუჭირონ მხარი. ამასთან, ცხადია, სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა, ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.