სალომე ზურაბიშვილი: რეჟიმის დასასრული დაიწყო

“ამ ტიპის რეპრესიები ყოველთვის არის სისუსტის ნიშანი – ეს არის საწყისი დასასრულისა” – ასე აფასებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთას.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფისში იმყოფება, ტელეკამერების წინ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” “რეპრესიებს” “წინააღმდეგობის პლატფორმა” კონკრეტული გეგმით უპასუხებს.

მე-5 პრეზიდენტის თქმით, ამ გეგმის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები ყოველთვის არის სისუსტის ნიშანი. ეს არის საწყისი დასასრულისა. ამიტომ ყველანი ვიყოთ მხნედ, როგორც არიან მამუკა და ბადრი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ერთად. არიან დიდი შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცით, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის მართლა მისული იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე არაფერი ეშველებათ.

გვექნება გეგმა. პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა და ამის შესახებ გექნებათ თქვენ სრული ინფორმაცია, როდესაც ამისი დრო დადგება. დღეს დრო არის იმისა, რომ ყველანი ერთად აქ ვიყოთ. სოლიდარობა გამოვუცხადოთ. საზოგადოებამ უნდა გამოუცხადოს ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს სოლიდარობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვიან დღეს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მაგალითები.

მე ვაპირებ, რომ ამ საღამოს სხვა პარტნიორებთან ერთად გავაკეთო განცხადებები. ეს კვირა არის ძალიან დატვირთული არამხოლოდ ირან-ისრაელის მოვლენების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ხვალ იწყება ნატოს სესია, ამ კვირის ბოლოს ევროპული საბჭოსი. ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენი საკითხი არავის უნდა დაავიწყდეს.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
შემდეგი სტატიანიკო კვარაცხელიას დედა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს