სალომე ზურაბიშვილი : ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ, ეს გზა საერთო მიზნებს გვისახავს

ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, მის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მასპინძლობა აღნიშნა და ვიზიტის მნიშვნელობაზე, ასევე ორი ქვეყნის ისტორიაზე ისაუბრა.

„თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.

მინდა, გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა – „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“. ჩვენთვის – ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.

ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს. ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან ვახშამზე აღნიშნა, კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა.

„საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაერო-დან იუნესკო-მდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ოფიციალური ვახშამი საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი” გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გუშინ გამართა. აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშისამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელით, ადამიანები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან საპენსიო სქემაში