უცხოელ პარტნიორებს როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მასობრივი პროტესტია, მაგრამ როდესაც ამ პროტესტს უკვე სახე და სახელი აქვს, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია – მზია ამაღლობელი.
„ჩვენთვის იზოლაცია არის დამღუპველი, მიუღებელი, ყველანაირად უნდა ვცადოთ და შევინარჩუნოთ და პირიქით, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ამაშიც მზია ამაღლობელის მაგალითი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია, როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მასობრივი პროტესტია, მაგრამ, როდესაც ამ პროტესტს უკვე სახე აქვს და სახელი, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ვერ ვხვდებით ბოლომდე, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია – მზია ამაღლობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ქვეყნის ისტორიაში.
„სამწუხაროდ მე ციხეში მზია ამაღლობელს ვერ ვესტუმრები, მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ მინდა, მისი და მისი მხნეობის მისამართით საზოგადოებისა და თქვენი სახელით ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას, ამ რთულ მომენტში და მადლობა უნდა ვუთხრათ მას. მადლობას მეც მეუბნებიან, მაგრამ მადლობის გადახდა არ არის სწორი, რადგან ამ ბრძოლაში ყველანი ერთნი ვართ, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მადლობა მას იმისთვის, რომ მან გამოაჩინა არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ საზღვარგარეთაც ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა გამოაჩინა, ამ ძალიან რთულ პერიოდში. ეს არის ის, რაც გაგვიყვანს ბოლომდე და გადაგვარჩენს. ამისთვის მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს ისტორიაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.