სალომე ზურაბიშვილი – პროცესის დაწყებას წინ არ უნდა უსწრებდეს რაიმე წინაპირობა, წინაპირობები წარმოშობს ახალ პოლარიზაციას

პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით, ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

„ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პაუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი, ყველას ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. ყველა დღეს აქ არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რათა დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სურს, წარმოადგინოს, თუ როგორ ხედავს პროცესს.

„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მინდა, ის ვთქვა პირველ რიგში, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება რამე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. ამ პროცესში პირველი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები, ამ საღამოსაც ვუსმენდი, სანამ ჩამოვიდოდი და მერეც მოვისმენ. ძალიან გასაგებია ჩემთვის, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ, ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო. ერთ რამეს ამტკიცებს ეს რეაქციები, რომ მართლაც დრო არის, აქტუალურია თემა, რომ ყველასთვის სხვადახხვა ფორმით, სხვადასხვანაირად, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას, მაგრამ ის, რომ ახლა ამის დრო არის, მგონი, საზოგადოებაში და თუნდაც, პოლიტიკურ წრეებში უკვე არის მოცემულობა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს.

„ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის, ყველანი აბსოლუტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე, შეძლოს მაინც გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

„მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა. ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: დავხუროთ წარსული ფურცლები, რომელიც ქვეყანას მიძედ აწვება, ეს კი, მოიტანს შინაგან დამშვიდებას