სალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ სადღაც პოსტპოსტსაბჭოთა პერიოდში ვართ

პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ, არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტპოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული საზოგადოებაა, თუმცა ეს კიდევ არ არის იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც საქართველოს სურს.

“ამჟამად ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დემოკრატიული საზოგადოება იმ თვალსაზრისით, რომ მედია სრულად თავისუფალია, არსებობს გამოხატვის თავისუფლება და ასევე, ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ორგანიზების თავისუფლება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც გვსურს, რომ საქართველოში იყოს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი დონე გვჭირდება. პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ, არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება, როგორიცაა ტოლერანტობა.

„საზოგადოება ძალიან ინდივიდუალისტურია და შეუწყნარებელია სხვების მიმართ, მე ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რაც ტოლერანტობაზე იყო დაფუძნებული. ეს ნამდვილად ჩვენი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, თვისება, რომელიც თავს იჩენდა რელიგიაში, ჩვენი ისტორიაში ჩვენი მეზობლების მიმართ დამოკიდებულებაში. ამის დასტურია ბევრი ეროვნული უმცირესობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომლებიც ბედნიერი იყვნენ საქართველოში ჩამოსვლით და ცხოვრებით. თუ ჩვენ მას დავკარგავთ, დავკარგავთ ძალიან დიდ ნაწილს იმისას, რაც საქართველოს ქმნის. ახლა ვაპირებთ, რომ შევიტანოთ ტოლერანტობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდერეობის სიაში, რადგან ეს არის ღირებულება, რომელიც გამოწვევაა ყველგან, მათ შორის საქართველოში, როგორც აღვნიშნე. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ღირებულება, უნდა დავიცვათ ის საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში გლობალურად, რადგან ეს ძალიან საჭირო ღირებულებაა დღეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს, რომელიც პრეზიდენტმა 8 მარტს მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავის საიტზე აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიწვევამდელის ცემასა და ფულის გამოძალვაზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – პრობლემა არა უვადოდ არჩევის წესის არსებობა, არამედ ისაა, ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლედ