საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ რუსეთში მოხალისეთა საბრძოლო დანაყოფის შექმნა შეაფასა. ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს „მოღალატე“ და „რუსი რომანოვი“ უწოდა და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ექს-პროკურორი „ქართული ოცნების“ მფარველობის ქვეშ მოექცა.
პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ფარცხალაძეს ფაქტობრივი იმუნიტეტი მიანიჭა, ხოლო მოქალაქეობის ჩამორთმევის შეყოვნების გამო ის ქართულ მართლმსაჯულებას საბოლოოდ აარიდეს.
„მე დღეს კი არ გამიჩნდა კითხვები ფარცხალაძეზე… გამიჩნდა უფრო სერიოზული კითხვები, როცა გამოქვეყნდა ამერიკული სანქციები მის მიმართ, იმ ბრალდებით, რომ ის იყო КГБ-ს აგენტი.
იმ მომენტში, როცა ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თურნავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკის სანქციები საქართველოში ვერ გავრცელდებოდა, თუ არა ქართული სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულებების განხილვა… ეს გადაწყვეტილება იყო პირდაპირ დაცვა „ქართული ოცნებისგან“, რეჟიმისგან ფარცხალაძის — ამით მისცეს მას ერთგვარი იმუნიტეტი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განმარტებით, თავის დროზე მისი პოზიცია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობა დაუყოვნებლივ არ ჩამოერთმიათ, ემსახურებოდა იმას, რომ მასზე საერთაშორისო სანქციები საქართველოს ტერიტორიაზეც სრულად გავრცელებულიყო.
„როგორც კი ფარცხალაძე აღარ იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, მასზე აღარ ვრცელდებოდა საქართველოს კანონმდებლობა. დღეს რასაც აკეთებს ფარცხალაძე, რაც არის მოღალატეობა, ამაზე მეტი მოღალატეობა მე აღარ ვიცი, აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას… ის არის რუსი რომანოვი და სრულიად ჩვენი სამართლებრივი სივრციდან გასული“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთში შექმნა მოხალისეთა საბრძოლო დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობს.
ამასთან, რუსული მედიის (RIA Novosti) ცნობით, ფრონტის ხაზზე მყოფ მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის რუსულ ქვედანაყოფს ქართველმა ბესიკ დანელიამ და ე.წ. „ქართველმა ვოლონტიორებმა“ სამხედრო აღჭურვილობა, მოტოციკლები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს.







